მარტოობას

ხანდახან როცა ქვეყანა დუღს, დიდ ქალაქებში, ფეხაკრეფით იპარება მარტოობის აჩრდილი. ჩაუვლის ბაზარს, ყველისა და თევზის დახლებს, დაიბერტყავს მოვაჭრეთა სუნს და შეერევა ხმაურიან ქუჩებს. გაივლის სკოლებს, კაფეებს, ლამაზ სახლებსა და მოხატულ კარებს, შუშის გიგანტურ კორპუსებსა და რკინის კონსტრუქციებს. და როცა მზე გადასცდება შუბისტარს, ჩუმად, თითქოს ეშინია კიდეცო, ისე შეერევა ჩრდილს. შენს ჩრდილს.

ხანდახან როცა ქვეყანა დუღს, იხარშება დიდი ქალაქები, მარტოობა მოვა შენთან. მოვა, როგორც სიკვდილი, როგორც გარდასახვა და ტკივილი. ყრუდ, თითქოს გიჩხვლიტესო ნემსები, ისე დაიწყებს შენს სხეულში ცხოვრებას. შენ კი, უღონოს, აღარც გახსოვს როგორ მიეცი მას ყველა ორგანოში ჯდომის უფლება. მარტოობაც მონდომებით მოედება ყველაფერს – ფილტვებს, გულს, სისხლსა და თვალებს. ახლა ერთადერთი რაც შეგიძლია გააკეთო, სარკეში ჩახედვაა. რომ დაინახო, იცნობდე მაინც და დაივიწყო მარტოობის შიში.

როცა ქუჩაში დაძაბული მოძრაობს ხალხი ან ქაღალდებით სავსე ოფისში, ვიღაც თეთრი პერანგით ყვება ანეკდოტს ყველამ რომ იცის, როცა, სადღაცას იაფფასიანი სასტუმროს ნომერში ნერვიულად შედის წყვილი, მაშინ, მარტოობის ქარი დაუსხლტება ონკოლოგიური კლინიკის ფანჯრებს და შენს თვალებში აირეკლავს პაციენტთა სევდას, კიბოს უჯრედებს რომ უყურებენ ბოლო დღის მზერით.


დატოვე კომენტარი